315₾-დან · დეკემბრის ინტენსიურიადრეული ფასი მთავრდება --დაჯავშნა

§ კლიენტის მონაცემები

კლიენტის საიდუმლო და Claude: რას ვასწავლით და რას არა

ეს იყო პირველი კითხვა, რაც პილოტის ორივე იურისტმა დამისვა. ამიტომ კურსში ის ცალკე თემაა და არა სქოლიო.

ბოლო განახლება: 9 ნოემბერი, 2026

სარჩევი
  1. სად მიდის დოკუმენტი
  2. რას ინახავს Anthropic
  3. რას ამბობს კანონი
  4. როგორ ვმუშაობთ კურსზე
  5. ანონიმიზაცია ხელით
  6. გადაწყვეტილება ფირმისაა
  7. ამ გვერდის შესახებ

1. სად მიდის დოკუმენტი

ბევრს ჰგონია, რომ „აპლიკაცია კომპიუტერზე“ ნიშნავს „მონაცემები კომპიუტერზე“. ასე არ არის.

  • ჩატი და დესკტოპ აპლიკაცია: რასაც Claude-ს წერთ, ატვირთავთ ან წააკითხებთ, Anthropic-ს ეგზავნება დასამუშავებლად. Anthropic აგროვებს ყველაფერს, რაც თქვენს შეტყობინებაშია, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს (კონფიდენციალურობის პოლიტიკა, ნაწ. 1);
  • სერვერები: მონაცემები მუშავდება აშშ-სა და სხვა ქვეყნებში (კონფიდენციალურობის პოლიტიკა, ნაწ. 5).

აქედან მთავარი დასკვნა: „ანონიმიზაციის Claude skill“, რომელიც Claude-ის შიგნით მუშაობს, კლიენტს ვერ დაიცავს. როცა Claude სახელებს შლის, სრული დოკუმენტი მას უკვე მიღებული აქვს. ამიტომ ასეთ Claude skill-ს კურსზე არ ვაძლევთ; ვასწავლით ხელით ანონიმიზაციას, Claude-ისთვის დოკუმენტის მიცემამდე.

2. რას ინახავს Anthropic და რამდენ ხანს

ეს ეხება პირად გეგმებს (Free, Pro, Max), რომლითაც კურსზე ვმუშაობთ. შემოწმებულია Anthropic-ის გვერდებზე 2026 წლის 18 ოქტომბერს.

სიტუაციარა ხდება
პარამეტრი „Help improve our AI models“ ჩართულიაჩატები შეიძლება მოდელის გასაწვრთნელად გამოიყენონ; დეიდენტიფიცირებული ფორმით ინახება 5 წლამდე. წყარო
პარამეტრი გამორთულიაჩატები გაწვრთნაში არ გამოიყენება; Anthropic-ის 2025 წლის განცხადებით, ინახება 30 დღე. წყარო
გამორთვამდე გაწვრთნაში უკვე მოხვედრილი ჩატებიუკვე დაწყებული გაწვრთნიდან და გაწვრთნილი მოდელებიდან არ ამოიღება. ამიტომ პარამეტრს პირველივე დღეს ვთიშავთ. წყარო
ჩატის წაშლაისტორიიდან მაშინვე ქრება, Anthropic-ის სერვერებიდან 30 დღეში. წყარო
Incognito ჩატიისტორიაში არ ინახება, გაწვრთნაში არ გამოიყენება, სერვერზე 30 დღე რჩება. წყარო
👍 / 👎 შეფასებამთელი საუბარი ინახება 5 წლამდე და შეიძლება გაწვრთნაში გამოიყენონ, პარამეტრის გამორთვის მიუხედავადაც. წყარო
უსაფრთხოების სისტემის მიერ მონიშნული ჩატიშეტყობინებები 2 წლამდე, შეფასების ქულები 7 წლამდე; შეიძლება უსაფრთხოების მოდელებისთვის გამოიყენონ. წყარო

Anthropic-ის პირობები იცვლება. გადაწყვეტილების მიღებამდე მიმდინარე ვერსია ყოველთვის წყაროში შეამოწმეთ.

3. რას ამბობს კანონი

ადვოკატის პროფესიული საიდუმლოება

„ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-7 მუხლით, ადვოკატი კლიენტის თანხმობის გარეშე არ ამჟღავნებს საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელიც კლიენტისგან ან მისი საქმის წარმოებისას მიიღო. ეს ვალდებულება ვადით არ იზღუდება. კლიენტის დოკუმენტის გაგზავნა მესამე მხარის სერვერზე ამ ნორმის ფარგლებში უნდა შეფასდეს. matsne

პერსონალური მონაცემების გადაცემა აშშ-ში

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლით, მონაცემების სხვა ქვეყანაში გადაცემას სათანადო გარანტიები ან კანონით დადგენილი სხვა საფუძველი სჭირდება, მაგალითად, მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა რისკების გაცნობის შემდეგ. აშშ არ არის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხაში (გენერალური აუდიტორის 2026 წლის 14 აპრილის №007 ბრძანება).

ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფიციალური სახელმძღვანელო გენერაციულ AI-ზე ჯერ ვერ ვიპოვე. ორიენტირისთვის, და არა როგორც ქართული წესი: ევროპის ადვოკატთა საბჭოს (CCBE) 2025 წლის სახელმძღვანელო გვირჩევს, კლიენტის და კონფიდენციალური ინფორმაცია ასეთ ინსტრუმენტებში არ შევიტანოთ; ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის (ABA) 512-ე მოსაზრება კი კლიენტის ინფორმირებულ თანხმობას ითხოვს.

4. როგორ ვმუშაობთ კურსზე

  1. მხოლოდ შაბლონები და ანონიმიზებული დოკუმენტები. რეალური კლიენტის ფაილი გაკვეთილზე, ჯგუფის ჩატში და დავალებებში არ შემოდის;
  2. პარამეტრები პირველ გაკვეთილზე, ერთად: Settings (პარამეტრები) → Privacy (კონფიდენციალურობა) → „Help improve our AI models“ გამორთვა, Incognito ჩატი და ჩატების წაშლა (Anthropic-ის ინსტრუქცია);
  3. შეფასების ღილაკები (👍 / 👎) მგრძნობიარე საუბარში არა: ისინი მთელ საუბარს 5 წლით ინახავს;
  4. ფოლდერის წესი: Claude-ს ვაძლევთ ცალკე სამუშაო ფოლდერს, სადაც მხოლოდ ის დოკუმენტებია, რომლებიც მან უნდა ნახოს, და არა მთელ დისკს;
  5. შედეგის შემოწმება: ყველაფერი, რასაც Claude წერს, მოწმდება, კანონის მითითებები კი matsne-ზე.

5. ანონიმიზაცია ხელით

Claude-ისთვის დოკუმენტის მიცემამდე, თქვენს კომპიუტერზე:

  • სახელები და დასახელებები ჩაანაცვლეთ როლით: [გამყიდველი], [კომპანია ა], [დირექტორი];
  • წაშალეთ პირადი და საიდენტიფიკაციო ნომრები, მისამართები, ტელეფონები, ელფოსტა, ანგარიშის ნომრები და საკადასტრო კოდები;
  • თანხები, თარიღები და უნიკალური დეტალები, რომლითაც საქმე ამოიცნობა, განაზოგადეთ ან შეცვალეთ;
  • Word-ში წაშალეთ კომენტარები, შესწორებების ისტორია (Track Changes) და ავტორის მონაცემები: File → Info → Check for Issues → Inspect Document;
  • „გასაღები“ (ვინ არის [გამყიდველი]) მხოლოდ თქვენთან, Claude-ის გარეშე შეინახეთ.

კურსზე ამას რეალურ შაბლონებზე ვვარჯიშობთ.

6. გადაწყვეტილება ფირმისაა

მე ვასწავლი, როგორ მუშაობს ინსტრუმენტი და სად არის რისკი. გამოიყენებს თუ არა ფირმა Claude-ს რეალურ საქმეებზე, ეს ფირმის (და კლიენტის) გადაწყვეტილებაა. კურსზე მიიღებთ ერთგვერდიან ფურცელს ამ კითხვებით:

  • რა კატეგორიის ინფორმაცია არასდროს შედის Claude-ში?
  • სჭირდება თუ არა კლიენტის თანხმობა და როგორ ფორმდება (მაგ., მომსახურების ხელშეკრულებაში)?
  • როგორ ფორმდება მონაცემების აშშ-ში გადაცემა, თუ დოკუმენტი პერსონალურ მონაცემებს შეიცავს?
  • ვინ იყენებს Claude-ს ფირმაში, რომელი ანგარიშით და რა პარამეტრებით?
  • როგორ მოწმდება შედეგი და ვინ აგებს მასზე პასუხს?
  • სად ჩანს, რომ დოკუმენტზე AI-ით იმუშავეს?

7. ამ გვერდის შესახებ

ეს გვერდი საინფორმაციოა და აღწერს, როგორ არის აწყობილი კურსი. ის არ არის იურიდიული კონსულტაცია თქვენი ფირმისთვის და ვერ ჩაანაცვლებს თქვენს შეფასებას. ფაქტები შემოწმებულია 2026 წლის 18 ოქტომბერს. Anthropic-ის პირობები და კანონმდებლობა შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ მიმდინარე ვერსია ყოველთვის წყაროში ნახეთ.

ჯავშანი უფასოა

დაჯავშნეთ ადგილი
პირველ ჯგუფში.

24 საათში WhatsApp-ზე მოგწერთ და გამოგიგზავნით გადახდის ბმულს. ჯგუფში 12 ადგილია.

პაკეტი
რომელ ელფოსტას იყენებს თქვენი ფირმა?
საქმის რომელ ნაწილზე ისურვებდით, რომ თავისით გამზადებული გხვდებოდეთ? არასავალდებულო

მივიღე! 24 საათში WhatsApp-ზე მოგწერთ. დათივერ გაიგზავნა. სცადეთ თავიდან ან მომწერეთ WhatsApp-ზე.ფორმა ჯერ არ არის დაკავშირებული (preview). მომწერეთ WhatsApp-ზე.იგზავნება…